უკან დაბრუნება

მონასტრის ისტორია

ბოდბის მონასტერი მდებარეობს ისტორიულ ქიზიყში, სიღნაღიდან 2 კმ-ში, ზღვის დონიდან 750 მ სიმაღლეზე. იგი დაარსდა IV ს-ის პირველ ნახევარში წმინდა ნინოს საფლავზე წმინდა მეფე მირიანის მიერ.

ბოდბის მონასტერი ადრიდანვე მნიშვნელოვანი საეკლესიო კერაა - 506 წლის დვინის კრებაში მონაწილეობდა ბოდბელი ეპისკოპოსი, ხოლო XIII ს-ის „ხელმწიფის კარის გარიგებით“ იგი მეშვიდე ადგილს იკავებდა ქართულ იერარქიაში. XV ს-დან აქ იკურთხდებოდნენ კახეთის მეფეები.

XVII ს-დან ბოდბის მონასტერში ფუნციონირებდა სასულიერო სკოლა და მდიდარი წიგნსაცავი.

1837 წელს რუსეთის სინოდმა ბოდბის ეპარქია გააუქმა და ამ დროიდან მონასტერს რუსი ეგზარქოსების მიერ დანიშნული არქიმანდრიტები მართავდნენ.

1889 წელს ბოდბეში გაიხსნა დედათა მონასტერი და გოგონათა სკოლა.
საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ 1917 წელს, საქართველოს პირველ საეკლესიო კრებაზე განახლებულად ჩაითვალა ბოდბის საეპისკოპოსოც.

1924 წელს კომუნისტებმა ბოდბის მონასტერი დახურეს და მონაზვნები განდევნეს. საბჭოთა პერიოდში აქაურობა ჯერ საავადმყოფოდ გადააკეთეს, ხოლო შემდეგ მხარეთმცოდნეობის მუზეუმად. წმ. გიორგის ტაძარი კი საწყობად იყო გამოყენებული.

მე-20 საუკუნის 50-იან წლებში ღვთისმსახურება განახლდა წმ. გიორგის ტაძარში, 1991 წელს კი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მონასტერი აღდგა. ამჟამად ეპარქიას მართავს ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობ იაკობაშვილი, ხოლო მონასტრის წინამძღვარი 1995 წლიდან დღემდე იღუმენია თეოდორა მახვილაძეა.
0:00
0:00
🏛️

მონასტრის წესები

🤫

გთხოვთ, თავი შეიკავოთ ხმაურისგან მონასტრის ტერიტორიაზე.

📵

ასევე გთხოვთ, თავი შეიკავოთ ფოტო-ვიდეობის გადაღებისგან ეკლესიებსა და სხვა წმინდა ადგილებში.

👔

გთხოვთ, ჩაიცვათ მოკრძალებულად, დაფარული მხრებითა და მუხლებით. ქალებისთვის რეკომენდებულია თავსაბურავი წმინდა ადგილებში შესვლისას.

ძვირფასო მომლოცველებო! გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ იმყოფებით მოქმედ დედათა მონასტერში და ამ ადგილის მთავარი დანიშნულება წმინდა ნინოს თაყვანისცემაა!